გერმანული ქორალი

მოკლე წარმოდგენა

ნოტები

ქორალი მკაცრი მნიშვნელობით არის ერთხმიანი მელიზმატური საეკლესიო გალობა, რომელსაც ბიზანტიური პრაქტიკის მიხედვით საფუძვლად ედება ძირითადი ბგერა, ე.წ. ისონი. ქორალური მელოსი ვითარდება სულითმოსილი წმინდა სიტყვიდან (ბიბლიური ტექსტიდან, ლოცვის ტექსტიდან), რაც ეხება როგორც ენის მახვილსა და სინტაქსს, ასევე მელოდის მხრიდან სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემის განწყობას და საბოლოოდ თვით ქრისტეს, ღვთის მარადიულ სიტყვას (ინ. I, 1-8).

გალობა და რიტუალები კაცობრიობის ყველა ტრადიციულ რელიგიურ კულტურაში სულიერი ვარჯიშის ცენტრალურ “სამუშაო ველს” ქმნის. აქ მიზანია, გარეგანი სწავლებისა და გრძნობითი აღძვრის მიღმა, სულიერი შეცნობა დაიწყოს და დამუშავდეს. ათონის წმინდა მთის მრავალ მართლმადიდებელ მონასტერში და სხვა ადგილებშიც ეს პრაქტიკა თითქმის 2000 წელია ინახება. ბიზანტიური ქორალი ბერძნული ენისთვის არის ის, რაც გრიგორიანული ქორალია ლათინური ენისთვის.

გერმანული ენისთვის XIX საუკუნიდან, ლიტურგიკულ მოძრაობასთან კავშირში, ლათინური გრიგორიანიკის საფუძველზე ცდილობდნენ ძველსაეკლესიო ქორალის მოპოვებას. დღეს სხვა ძველსაეკლესიო ქორალური ტრადიციების ჩართვით ქორალის ძირითადი პრინციპების უკეთ შეცნობა და მისი როგორც მუსიკალური “პირველენის” გაგება შეიძლება. ეს პირველენა ხალხთა ენებში თავისთავად იღებს თითოეულისათვის საკუთრივ სახეს. ქრისტიან ხალხთა ქორალური ტრადიციები (ბიზანტიური, ლათინური, ქართული, სირიული, ძველბულგარული და სხვა ქორალი) გარკვეული აზრით ამ ერთი ქორალური პირველენის დიალექტებია.

გერმანული ქორალი ასეთი ქორალური დიალექტია გერმანული ენის საფუძველზე. იგი 1977 წლიდან ბერმა იოჰანესმა განავითარა, გრიგორიანიკისა და ბიზანტიური ქორალური ტრადიციების ნიმუშის მიხედვით. 1990 წლიდან იგი ბუხჰაგენის წმინდა სამების მონასტერში სრულდება და ისწავლება.

რუსული საეკლესიო გალობა, რომელსაც უკვე 100 წელზე მეტია ზოგჯერ გერმანულ ტექსტებს უდებენ, ძლიერ არის ჩამოყალიბებული XIX საუკუნის რომანტიკული მუსიკალური კულტურით (ბორტნიანსკი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი და სხვ.), ამიტომ მკაცრი აზრით “ქორალი” არ არის. უფრო ძველი ძველსლავური საგალობელი ტრადიციები (ზნამენნი რასპევი და სხვ.) კი სუფთა ქორალური ტრადიციებია და ასევე ნიმუშად ემსახურება გერმანულ ქორალს. მაგალითად, ბუხჰაგენში ყოველ საღამოს მწუხრზე იგალობება სვიმეონის ჰიმნი, “აწ განუტევე …”, რომელიც ძველსლავური “ნინე ოტპუშჩაეშის” კონტრაფაქტურას წარმოადგენს. ბოლო დროს სხვა ადგილებშიც არსებობს ანალოგიური მცდელობები გერმანულენოვანი საეკლესიო გალობისთვის. ამჟამად წმინდა სამების მონასტერში უკვე არსებობს ჟამთა ლოცვისა და საღმრთო ლიტურგიის მთელი ორდინარიუმი, ასევე დიდი დღესასწაულების ჰიმნები და ფსალმუნთა კომპოზიციების რიგი. გარდა ამისა, არსებობს ფსალმუნთა გალობის სხვადასხვა მოდელი რვავე საეკლესიო ხმაზე. ყველა ღვთისმსახურება გერმანულ ქორალში იგალობება.