გერმანული ქორალი - ქმნა სიტყვიდან

წმინდა სამების მონასტრის ისტორიულად ახალგაზრდა საგალობელი ტრადიცია სულითა და არსით არქაულია. იგი უძველეს ქრისტიანულ გადმოცემებს ეყრდნობა; მისი ფესვები უმთავრესად ბიზანტიურ ქორალშია, მაგრამ ასევე გრიგორიანიკასა და ქრისტიან ხალხთა სხვა საგალობელ ტრადიციებში. ამ საგალობლების მელოსი და რიტმი უშუალოდ სიტყვიდან, კერძოდ გერმანული ენის სტრუქტურიდან იშლება. ამის უკან დგას პირველსიტყვა, თვით მარადიული სიტყვა (ინ. I, 1-18). გერმანული მართლმადიდებლური საკულტო გალობის არქაული ხასიათი, ისტორიის, მოდერნისა თუ პოსტმოდერნის მიღმა, მარადისობაშია დაფუძნებული. სიტყვის მომხიბლავი უშუალობა კი გერმანულ ენაშია დაფუძნებული.

ბერი იოჰანესი უკვე მუსიკის სწავლის დროს, გასული საუკუნის 70-იან წლებში, ცდილობდა გერმანულ ენაზე არქაული საეკლესიო გალობის შექმნას. თავდაპირველად იგი “გერმანული გრიგორიანიკის” ძიებიდან გამოდიოდა, რომლისკენაც XIX და XX საუკუნეების ლიტურგიკულ მოძრაობაში ორივე დასავლურ კონფესიაში მიისწრაფოდნენ და რომელიც, მაგალითად, ერნსტ პეპინგის შპანდაუს ფსალტერში გაგრძელდა. მართლმადიდებლობაში მოქცევასთან ერთად ამ შრომის კონკრეტულ მიზნად გამოიკვეთა გერმანულ ენაზე მართლმადიდებელი ღვთისმსახურებისთვის საგალობელი ტრადიციის პოვნა. ძველრუსულ ქორალთან, ზნამენნი რასპევთან, და განსაკუთრებით 1979 წელს ბიზანტიურ ქორალთან შეხვედრამ ხედვა მნიშვნელოვნად გააფართოვა, ხოლო მასთან ერთად - წმინდა სიტყვიდან ქორალური ტრადიციის შექმნის შესაძლებლობებიც. ეს მიდგომა გაღრმავდა ათონის წმინდა მთაზე მონაზვნური ცხოვრებით და დამატებითი ბიძგი მიიღო გერმანული მართლმადიდებელი მონასტრის დაარსებით. საბოლოოდ, ქრისტიან ხალხთა ყველა ხელმისაწვდომი ავთენტური საგალობელი ტრადიცია შეიძლება გერმანული ქორალის ნიმუში იყოს. ასე, მაგალითად, 2008 წლიდან ყურადღების ცენტრში მოექცა ქართული საეკლესიო გალობა თავისი არქაული სამხმიანობითა და სრულიად განსხვავებული მუსიკალური სისტემით. თუმცა ბერი იოჰანესისთვის ამ შრომაში მუდამ ღვთის სიტყვაა ცენტრში, განსაკუთრებით მისი მეტაფიზიკური განზომილებებით. ქორალის პირველსახე ხომ ანგელოზთა გალობაა. ამ პირველსახესთან მიახლოება მართლმადიდებელი მონაზონის უმაღლესი სწრაფვაა.

ამ საგალობლების მელოსი და რიტმი უშუალოდ სიტყვიდან იშლება, კერძოდ ბიბლიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიის წმინდა ტექსტების ენობრივი სტრუქტურიდან. მუსიკალური სტრუქტურა ერთი მხრივ გამომდინარეობს შიდა მუსიკალური სტრუქტურული პრინციპებიდან, რომლებიც ზოგადად ძველსაეკლესიო ქორალშია მოცემული (საეკლესიო ხმები, ტეტრაქორდული სტრუქტურები, მყარი ცენტრალური ბგერების ირგვლივ წრიული მოძრაობები, სიმბოლური ჟესტები და ინტერვალები), მეორე მხრივ კი თვით ენის სტრუქტურიდან. გერმანული ენის მახვილი, სინტაქსი და სიტყვის მელოდია განსაზღვრავს ქორალის მელოსის ფორმირებას. ქორალში სიტყვა და მელოსი ერთია. ამიტომ ქორალურ მელოდიაზე სხვა ტექსტის უბრალოდ დადება შეუძლებელია; იგი ყოველთვის მოითხოვს მუსიკალურ მორგებასა და გარდაქმნას ახალი სიტყვის ფორმიდან გამომდინარე.

ლიტურგიული ადგილიც, ანუ საგალობლების მდგომარეობა თეურგიის მიმდინარეობაში, გავლენას ახდენს მათ სახეზე. წმინდა ტექსტების გამოცხადებითი შინაარსიდან და ლიტურგიული ვითარებიდან მომდინარე მლოცველი ადამიანის მოძრაობა ცოცხალი ღმერთის წინაშე ბუნებრივად თანაჟღერს, როგორც ლიტურგიის მისტაგოგიური წინსვლის სენსორი. ეს არის თვით ღვთაებრივი მისტაგოგია, საიდუმლოში შეყვანა, სულიერი აღმასვლა ზეწროულ სივრცეებში და იქ აღტაცებული დაყოვნება და ურთიერთობა, რაც ქორალის დაძაბულობის დონეში, ამბიტუსსა და განწყობაში აისახება და ღვთისმსახურების უმაღლეს მუსიკალურ არქიტექტურას განსაზღვრავს. ასე, მაგალითად, პროკიმენი, წმინდა წერილის საკითხავთა ლიტურგიული შესავალი, მუსიკალურად კარიბჭედ არის ჩამოყალიბებული, ერთდროულად ბლოკური და მდინარე: მრავალხმიანი ჰომოფონური მისამღერისა (ეფიმნიონი) და წინამგალობლის თავისუფლად მელიზმატურად მდინარე ფსალმუნის მუხლების კონტრასტში პროკიმენი საზღვარიც ხდება და გასასვლელიც. ხოლო ქერუბიკული ჰიმნი საღმრთო ლიტურგიის საიდუმლოებრივი ნაწილის დასაწყისში უწმინდესი საიდუმლოებრივი გალობაა, მაღალმელიზმატური, ობერტონულად განწყობილი ფრიგიული მოდუსით ზეციურ სიწმინდემდე აღმამაღლებელი. განწმენდა, საზღვრის გადალახვა და ამაღლება რამდენიმე საფეხურად მიჰყავს სულიერ ჭვრეტამდე. გათავისუფლებული, ამაღლებული სული მღვდელთან ერთად, რომელსაც წმინდა ძღვენი წმიდათა წმიდაში მიაქვს, ზედა საკურთხევლისკენ მიემართება.

ყოველივე ამის უკან დგას პირველსიტყვა, თვით მარადიული სიტყვა (ინ. I, 1-18). რადგან ენა, განსაკუთრებით წმინდა ენა, არის ყოვლისშემოქმედი მარადიული სიტყვის ხატი და გამოძახილი, რომელიც ღმერთთან არის და ამავე დროს ღმერთია, ღვთაებრივი სამობის საიდუმლოში. ეს სიტყვა არის ნამდვილი “პირველსიტყვა”, ყველა სიტყვაზე წინ. იგი ასევე ჩნდება როგორც პროპორცია, ჰარმონია, ჟღერადობა და მელოსი. ამიტომ ქორალი ტექსტის უბრალო “დამატება” ან “გადამღერება” კი არ არის, არამედ თავად არის პირველსიტყვის ანალოგიური და უშუალო გამოხატულება, რომელიც მიწიერი ენის სიტყვებს ავსებს, აცოცხლებს და ამაღლებს, როგორც სული სხეულს.

გერმანული ქორალი იცნობს სხვადასხვა რიტმულ გვარს, რომლებიც, ისევე როგორც ბიზანტიურ ქორალში, განსაზღვრულ ლიტურგიულ ტექსტთა გვარებს მიეკუთვნება. ნაწარმოებების უმეტესობა ერთხმიანია ისონზე; უფრო დიდები ბოლოს ან ტექსტის გამოსაყოფ ადგილებში ზოგჯერ სამხმიანობად შეიძლება გაიშალოს. AD 2008 წლიდან ამას ემატება სამხმიანი, მსუბუქად პოლიფონური საგალობლები საეკლესიო ხმათა ჰარმონიზაციით, რომლებიც ბუნებრივ ტონალობაზე დაყრდნობით აშკარად განსხვავდება ჩვეული მრავალხმიანობისგან. ესენია უპირველესად სავედრებელთა პასუხები (კირიე ელეისონ; მომეც, უფალო; ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ; შენ, უფალო; ამინ), პროკიმენები (ანტიფონური ფსალმუნის საგალობლები საკითხავების წინ) და სადღესასწაულო საგალობლები, როგორიცაა “ქრისტე აღდგა” ან “ნეტარად გნატრით”.