მართლმადიდებლური ქორალის კოგნიტური კონცეფციის შესახებ
პროფ. დოქ. რუდოლფ ბრანდლი, გეტინგენის უნივერსიტეტის მუსიკათმცოდნეობის ინსტიტუტი
დღევანდელი დროის ერთ-ერთი უდიდესი გაუგებრობაა მტკიცება, თითქოს მუსიკა ყველგან და ყველა კულტურაში უშუალოდ გასაგები ხელოვნება იყოს. უფრო სწორი ისაა, რომ მისი სათანადო გაგება ყოველთვის კულტურული მსოფლხატის ნაწილია. ეს განსაკუთრებით ეხება ყოველგვარ ლიტურგიულ მუსიკას, რომლის სწორად გაგება მხოლოდ შესაბამისი რელიგიური კონცეფციიდან შეიძლება. წინამდებარე CD [დიდი მწუხრი] შეიცავს ქრისტიანული საეკლესიო გალობის განსაკუთრებულ ფორმას, კერძოდ გერმანულ მართლმადიდებლურ ქორალს, რომელიც ისტორიული თვალსაზრისით “ახლად წარმოქმნილია”, მაგრამ უძველეს ქრისტიანულ ტრადიციებს ეყრდნობა. მისი ფესვები უპირველესად ბიზანტიურ მონასტრულ ტრადიციებშია, ათონის წმინდა მთიდან, მაგრამ იგი ითვალისწინებს გრიგორიანულ და პროტესტანტულ გადმოცემასაც. ამ ქორალის სწორად გასაგებად სასარგებლო იქნება რამდენიმე შესავალი ზოგადი შენიშვნა მართლმადიდებლური ქრისტიანული მუსიკის რელიგიური კონცეფციის შესახებ.
მართლმადიდებლური საეკლესიო გალობა არც “აბსოლუტური მუსიკალური ხელოვნების ნაწარმოებია” და არც კომპოზიტორის სუბიექტური გამოხატულება, არამედ ღვთაებრივი გამოცხადებიდან შობილი პროექციაა მხსნელი საკულტო მოვლენისა, რომელიც ისტორიულ მიზეზობრიობას და ჩვეულებრივ დროის ცნებას, მანამდე-მერეს, ლიტურგიის უდროობაში, ანუ აწმყოში, აუქმებს. გალობა, როგორც ღვთაებრივი სილამაზის გამოძახილი, ხილვითი შეძრულობის მდგომარეობაში წინასწარმეტყველებს, წმინდანებსა და ღვთისმოსავ ხელოვანებს სულიწმიდისგან, spiritus, pneuma, “შთაეგონებათ”, ანუ გადაეცემათ, და ამიტომ თვითონაც გარკვეულწილად წმინდაა.
მრავალხმიანობის განვითარების შემდეგ შუა საუკუნეებიდან, Notre-Dame-ის ორგანუმიდან დღემდე, ცენტრალურ ევროპაში შეიცვალა ანტიკიდან მომდინარე კოგნიტური კონცეფცია სიტყვისა და მუსიკის განუყოფელი ერთიანობის შესახებ, როგორც კათოლიკურ, გრიგორიანული ქორალის დღევანდელ გადმოცემაში, ასევე პროტესტანტულ საეკლესიო გალობაში, ლუთერის ქორალში. წმინდა და მოქმედი დარჩა მხოლოდ ტექსტი, წერილში და წარმოთქმაში, როგორც ლოცვა და საკრამენტული მეტყველების აქტი. მუსიკა არის მხოლოდ “გახმოვანება”, ესთეტიკური და ეთიკური ამაღლება წმინდა მუსიკალური წესების მიხედვით. მელოსი დამატებული რამეა, რომელიც, რიტუალური მოქმედების დაუზიანებლად, ე.წ. სიტყვის ღვთისმსახურებაში შეიძლება გამოტოვებულიც იყოს.
ამის საპირისპიროდ დგას მართლმადიდებლური ქორალური ტრადიციის კოგნიტური კონცეფცია: ღვთაებრივი ლოგოსი, “ღვთაებრივი სუნთქვის ქროლვა” (პნევმა) სიტყვის ხმოვანებაში, ანუ იმ ფორმაში, რომელიც არასრულყოფილი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ყველაზე მისაწვდომია, არის სიტყვა როგორც უკვე ყოველთვის მუსიკალური ხმა, ზეციური ჰარმონია და პირველსხმა, ანუ ისონი, რომელიც თავის მხრივ “შობს” მელოსს. მუსიკა და გალობა ხომ “ჰაერის რხევებად” წარმოიშობა. ლიტურგიული მეტყველების აქტი, და არა დაწერილი ტექსტი, როგორც ლოგოსი ყოველთვის მუსიკაცაა: ეს მხოლოდ მელოდიის მეტყველების რიტმსა და აგოგიკაზე მორგება არ არის. სიტყვიერი და მუსიკალური რიტმი განუყოფელ ერთიანობას ქმნის, როგორც “სრულყოფილი” მეტყველება ყოველთვის ნაგალობები მელოდიაცაა. როდესაც ანტიკური ორფევსი ბიზანტიურ იკონოგრაფიაში ქრისტეს სიმბოლოდ აღიქმება, ეს სწორედ გალობის ის “მაგიაა”, მუსიკისა და მოქმედი ენის სრულყოფილი ერთიანობა, რომელიც ყოველ ცოცხალს ამოძრავებს და სიკვდილს სძლევს.
მართლმადიდებელი ეკლესიების ტონალური სისტემა არ ეფუძნება მაჟორ-მინორულ სისტემას, არამედ ოქტოიხოსის რვა მოდალურ კილოს: ოთხ ავთენტურსა და ოთხ პლაგალურს, ანუ წარმოებულს, ასევე ლეგეტოსს, მეოთხე კილოს ერთ სახეობას. თითოეული მათგანი გამოხატავს განსაზღვრულ ეთოსს, სულიერ ძირითად განწყობას. მოდუსის, ანუ ეხოსის არჩევა ბიზანტიური ქორალის შემქმნელებისთვის გემოვნების საკითხი არ არის, არამედ ამ თეოლოგიური, (ნეო)პლატონური აზროვნებით გავლენილი კონცეფციიდან გამომდინარეობს.
“ერთხმიანი” საგალობელი მელოდია დღემდე ნევმებით, ხაზების, კაუჭებისა და წერტილების გრაფიკული ნიშნებით, იწერება. მას დასავლური აზრით თემები ან მოტივები არ აქვს; იგი ტონალურ სივრცეშია ორგანიზებული, ანუ ორიენტირებულია ეხოსის გამოკვეთილ მთავარ ბგერებზე, მოდალურ საყრდენ ბგერებზე, რომელთა გარშემოც მეზობელი ბგერები, მელიზმები, ტრიალებს და ქმნის ხაზობრივ-ჰარმონიულად გაწონასწორებულ ფართო მელოდიურ რკალებს. ისინი მსმენელში ქმნიან შინაგან ფსიქიკურ სივრცე-დროით სტრუქტურას, მანამდე-მერეს გაუქმებას, გადააქვთ იგი მეტაფიზიკურ სფეროებში და ამგვარად მოსმენით გამოცდილებაში საიქიო სამყაროს ასახავენ. ესთეტიკური მოქმედება წარმოიშობა, მოჩვენებით ერთხმიანობაში, მელოდიური ფიგურების, ნეუმატების, ორდიმენზიული სინთეზიდან, რომლებიც ერთი ტონალური შრის გარშემო ტრიალებს, და ამ ტონალურ შრეთა განზომილების მკაცრი არქიტექტურიდან. მის მიმდინარეობას XII საუკუნიდან ცხადყოფს ცვალებადი ისონი, გუნდის მიერ ნაგალობები დაყოვნებული ბგერა, რომლის შესრულებაც ზეპირად გადმოიცემა. ისონი არ არის ჰარმონიულ-ბურდონული თანმხლები ხმა, არამედ მელოდიკის საყრდენი ბგერების ხაზობრივი ხაზგასმა და ხმოვანი გამდიდრება. ხოლო გუნდი, რომელიც ისონს გალობს, ლიტურგიაში განასახიერებს unio mystica-ს, წმინდანთა საზოგადოების ხმოვან შემოსვასა და ერთობას ლოგოსთან, ღვთაებრივი უწყების მელოდიურ გაშლასთან, ლოგოსთან როგორც რიტუალურ მეტყველების აქტთან, წინამგალობლის, პროტოფსალტის, მიერ, რომელიც “მაუწყებელია” და ამით თავად მსახურიცაა.
ამ აზრით გერმანული მართლმადიდებლური ქორალი არ არის ლიტურგიული ტექსტის უბრალო “გახმოვანება”, არამედ შთაგონებული მხსნელი უწყების “აღსრულება” მის ადამიანისთვის სათანადოდ მოსასმენ მთლიან ხმოვან სახეში.