ისონზე გალობის სიმბოლიკის შესახებ
არქიმანდრიტ იოჰანესისგან
ისონი ეწოდება ჰიმნის ან ფსალმუნის გალობის ძირითად ტონს, რომელიც მას როგორც ბურდონი, დაყოვნებული ტონი, ედება საფუძვლად. ბიზანტიურ ქორალურ ნოტაციაში ამ სიტყვით ასევე აღნიშნავენ ნევმას ტონის გამეორებისთვის. ისონი ნიშნავს “იგივე”.
დიდ ჰიმნებში ისონი ტეტრაქორდებს მიჰყვება; ანუ როგორც კი მელოდია ზედა ტეტრაქორდში გადადის, იგალობება ამ ტეტრაქორდის ძირითადი ტონი. ისონის სხვა ცვლილებებიც შესაძლებელია როგორც მუსიკალური გამოხატვის საშუალება და პრაქტიკაში გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ისონის ხასიათი და სიმბოლიკა იგივე რჩება: იგი მუდამ ქმნის მდგრად ჰარმონიკულ საფუძველს მელიზმისთვის, რომელიც მის ზემოთ და მის გარშემო მოძრაობს. ამიტომ კლასიკურ ქორალში ისონი ხშირად, მით უმეტეს მუდმივად, არ უნდა იცვლებოდეს. არც დისონანსური ინტერვალები აიძულებს ისონის შეცვლას. პირიქით, ზოგი ინტერვალის სიმკვეთრით ისონთან მიმართებაში სწორედ მოდუსის ხასიათი ხდება ამოსაცნობი.
თავისი ჰარმონიკული რიცხვითი მნიშვნელობით ისონი შეესაბამება 1-ს, ამიტომ არის დასაბამის, წყაროს ხატი და ამით მარადიული პირველსაფუძვლის, თვით ღმერთის სიმბოლო. რადგან ისონი თავისში ყველა შესაძლებლობას ატარებს, მაგრამ თავად ჯერ კიდევ მუსიკალურ მელოსად გაშლამდე დგას, იგი არის ყოფიერების ქალწულებრივი პირველსაფუძვლის სიმბოლო ქმნილების წინა საღამოს: “სული ღვთისა იძვროდა წყალთა ზედა”, ნათქვამია შესაქმის წიგნში. ასე ისონი უფრო ზუსტად არის მამა ღმერთის, შემოქმედის, შეუცნობელი და გამოუთქმელი პირველსაფუძვლის სიმბოლო. იმაში, რაც მასში შეგრძნებით თანაჟღერს, იგი ღვთაების მესამე სახის, სულიწმიდის სიმბოლოა. ქრისტიანულ რიცხვთა სიმბოლიკაშიც 1-ში 3 იგულისხმება და 1-სთან აუცილებელია 3, რადგან მამა, ძე და სული წმიდის წმინდა სამება ერთი ღმერთია სამ სახეში, ჰიპოსტასში, განუყოფლად და შეურევნელად.
ახალი დროის ერთმა სერბმა ბერმა ათონის მონასტერში სულიერი სინაქსისას ეს კავშირები ასე გამოხატა: “ისონი ბიზანტიურ საეკლესიო მუსიკაში არის მართლმადიდებელი ეკლესიის აპოფატიკური ღვთისმეტყველების დამტკიცება."
როგორც კი მელიზმა ისონიდან აღიმართება, სიმბოლოში ერთვის ღვთაებრივი სამების მეორე სახე, ლოგოსი, მარადიული სიტყვა. იოანეს სახარების დასაწყისში ნათქვამია: “დასაბამში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.” როგორც კი სიტყვა “დასაბამის წყლებზე” მოდის, ყოველივე ყოფიერებაში შედის. სიტყვას შემოქმედებითი ყოვლისშემძლეობა აქვს. “ღმერთმა ყოველივე თავისი სიტყვით შექმნა.” სიტყვა არის ღმერთიც თავის ხორცშესხმაში, მარადიული ლოგოსი, რომელიც სიცოცხლეს მოიტანს. ქორალის მელოსი ყველა დონეზე სიტყვიდან იზრდება, ენის ბუნებრივ მახვილსა და სინტაქსამდე. მაგრამ იგი თავის გარეგან სახეში არ ამოიწურება, არამედ წმინდა ტექსტის პირველსახოვანი განზომილების ანალოგიური მატარებელია. ეს განზომილება თავად ტექსტში უკვე ნამდვილად არის მოცემული და მლოცველ მკითხველს სულიწმიდაში ეხსნება. მაგრამ მელოსში ერთდროულად არის მისი “ხორცშესხმის” მეორე, უფრო უშუალო გზა. ქორალური მელოსი იდეალურად არის “სიტყვის გამოძახილი ყველა სიტყვამდე”, ღვთის აზრებისა, რომლებიც სულიერ ჭვრეტაში კვლავ წარმოდგება როგორც არსებულთა პირველსახეები და გახდომის შესაძლებლობები.
ქორალური მელოსის ჰარმონია, ყოველ მუსიკალურ-თეორიულ განხილვამდე, შედგება სულიერი ენერგიებისა და ძალების თანაჟღერაში ღვთაებრივ აზრებსა და პირველსახეებთან. ასე მელოსის ისონთან მიმართება გამოსახავს სახედქცეული ყოფიერების მარადიულ შეკავშირებას, religio-ს, ყოველი ყოფიერების პირველსაფუძველთან.
ისონისა და მელოსის ამ თანამოქმედებაში ერთდროულად ცხადდება მესამე, რომელიც მაინც უკვე ერთშიც და მეორეშიც არის შემცველი. იესო იოანეს სახარებაში ამბობს: “მე და მამა ერთი ვართ” და “ვინც მე მხედავს, მამას ხედავს.” მაგრამ ეს “ხილვა” სულიწმიდაში იღვიძებს. როდესაც სიმონ პეტრე იესოს ეუბნება: “შენ ხარ ცხებული, ძე ცოცხალი ღმრთისა”, უფალი პასუხობს: “ნეტარ ხარ შენ, სიმონ პეტრე, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა ზეცაში” (მთ. XVI, 16 და შემდგომი). სული იქ პირდაპირ არ სახელდება, მაგრამ სწორედ ის აღვიძებს ყოველ სულიერ შემეცნებას; იგი მოქმედებს ადამიანში თავისი დამკვიდრებით და გადასცემს ღვთაებრივ მადლსა და ძალას. მხოლოდ სულთმოფენობისას შეძლეს მოციქულებმა “პირველენით” ლაპარაკი, რაც ერთდროულად ნიშნავს: მსოფლიოს ყველა ენით. როგორც ღვთის სული დასაბამის წყლებზე იძვროდა, როგორც ღვთის სული გვაცნობინებს მარადიულ სიტყვასა და მამას, ასევე იგი ამოძრავებს ძალთა წმინდა სიყვარულის თამაშს. იგი არის ყველგანმყოფი და ყოველივეს აღმავსებელი, მოყვარული, მარადიული ღმერთი. არსებით (kat ousian) იგი ერთია მამასთან და ძესთან; სახით (kat ypostasin) იგი უნიკალური და თვითმყოფადია, როგორც მამა თავისში და ძე თავისში. ასე წმინდა სამება შეურევნელი და განუყოფელია, ერთი ღმერთი სამ სახეში.
წმინდა ტექსტების რეციტაციაში ისონი წმინდად წარმოჩნდება. ყოველი ლიტურგიკული წარმოთქმა ხდება მუდამ ერთსა და იმავე ტონზე, მარადიული პირველსაფუძვლის სიმბოლოზე, და ასე აჩვენებს წარმოთქმულ ტექსტს წმინდად, მამის სიტყვად, მარადიული ეკლესიის სულითმოქმედ სიტყვად.
როდესაც ღვთისმსახურებებში ისონი იგალობება, ამას მხოლოდ მუსიკალური მნიშვნელობა არ აქვს. მონაზონი, ისევე როგორც საერო ეკლესიის მგალობელი, სწავლობს ისონთან სულიერი ლოცვის დაკავშირებას. არსებობს საიდუმლო შინაგანი კავშირი სულიერი ლოცვის პრაქტიკასა და ისონს შორის. იგი უბრალოდ ავტომატურად არ არის მოცემული ისონის მუსიკალური პრაქტიკით, თუმცა ისონი სწორედ ამ სულიერ პოტენციას ატარებს თავისში; იგი ყოველთვის დამოკიდებულია მგალობლის ცნობიერებაზე და სწორ შინაგან განწყობაზე, სულიერ მიმართულებასა და კეთილ დაძაბულობაზე. ისონი როგორც მხოლოდ გარეგნულად, “ხორციელად” ნაგალობები აკუსტიკური მოვლენა ჯერ კიდევ მოკლებულია სულიერ განათებას. გახდება თუ არა სიმბოლო მოქმედი, ეს დამოკიდებულია მგალობელზე, სულიწმიდაზე და მათი თანამოქმედებაზე.
ეს ეხება წმინდა გალობას მთლიანად, ისევე როგორც თეურგიის ყველა სხვა დისციპლინას. მგალობელმა, აკოლუთმა, დიაკონმა, მღვდელმა, ყოველმა იქ მყოფმა მონაზონმა, ყველამ უნდა გაიგოს სულიერი აზრი და ატაროს იგი მელოსში და წმინდა აღსრულებაში, რათა სიტყვების მეშვეობით მარადიულმა სიტყვამ გამოანათოს. მაშინ სულით აღვსილი გალობა გარეგანი გაგების საბურველს აშორებს და გულსა და სულს ხსნის აზრისა და პირველსახეების ჭვრეტისთვის.