მონაზვნობა და ქვეყნიერება

“ამ სოფლისაგან არ ყოფნა” არ ნიშნავს ქვეყნიერებისთვის, სიცოცხლისთვის უცხოდ ყოფნას ან მით უმეტეს უსიყვარულობას. პირიქით. ქვეყნიერება, როგორც ღვთის ქმნილება, კეთილი და მშვენიერია. ყველაფერი, რასაც ღმერთი გვაძლევს, მისი უსაზღვრო სიყვარულისა და სიკეთის გამოხატულებაა.

მონაზვნური “გაექეცი სოფელს” არ არის მანიქეველური სამყაროს ზიზღი, არც სულისა და მატერიის ფსევდოგნოსტიკური დუალიზმი, არამედ გულისხმობს ცხოვრების გაყალბებებიდან, ცოდვიდან, ანუ ღმერთისგან განშორების მდგომარეობიდან ძირეულ მიბრუნებას. აქ საქმე არ არის ქმნილების უარყოფასთან, არამედ ყოველმხრივ უღრმეს სიყვარულთან, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ყველაფერი ხელახლა უკავშირდება ღმერთს, ხელახლა იწმინდება და ღვთაებრივი ყოვლისმოყვარეობის სულით განიმსჭვალება. “განუმზადეთ უფალს წმინდა დღესასწაული და მიაბით იგი საკურთხევლის რქებს”, ნათქვამია ფსალმუნში (სეპტუაგინტა 117, 29). ეს ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება, მთელი ქმნილება, წმინდა დღესასწაულში ღმერთთან ერთდება. ყველაფერი მიწიერი მაგალითად ეწირება ღმერთს და ამით ახალ, მარადიულ ყოფიერებას იძენს; ყველაფერი ახლა “ღმერთშია”. ეს არის მონაზვნური თვითშეწირვისა და მთელი მონაზვნური ცხოვრების კულტურის აზრი. ასე მონაზვნობა ამ სამყაროში მარადისობის უძლიერესი ნიშანია.

იქიდან კვლავ ხდება მონაწილეობა, მოქმედება სამყაროში, მაგრამ იგი აღარ ექვემდებარება დაცემული სამყაროს კანონებს, აღარ არის გარეგანის წრებრუნვაში დატყვევებული, არამედ ღმერთშია დაფუძნებული და მისგან მოქმედებს. ამიტომ მისი მეშვეობით ხდება სამყაროს განწმენდა და განკურნება. ეს ვლინდება, მაგალითად, ღვთისმსახურების, სიწმინდისა და ბაღების სილამაზესა და სიწმინდეში, საკრალური ხელოვნების შექმნაში, გალობასა და ლოცვაში, მთელ ცხოვრებასა და ყოფიერებაში. ყველაფერი მარადისობის ნათლით, წმინდა სამების ნათლით არის გამსჭვალული.

ეს ბერკეტს ჰგავს. თუ მძიმე ქვის აწევა მინდა, მაგალითად კედელში ჩასადგმელად, გრძელი ბერკეტი მჭირდება. თუ თავად ქვაზე ვდგავარ, მას ვერ ავწევ. მაგრამ თუ სხვა მყარ საფუძველზე ვდგავარ და კარგი ბერკეტი მაქვს, ყოველ ქვას იქ გადავწევ, სადაც უნდა იყოს. ეს მონაზონის მოქმედების მშვენიერი ხატია. სამყაროს განკურნება, განწმენდა და კურთხევა თვით სამყაროდან შეუძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ გარედან, სხვა საყრდენი ადგილიდან, სწორედ მარადისობიდან. საოცარი კი ის არის, რომ მარადისობასთან მისასვლელი გზა სადღაც სივრცე-დროით გარეთ, შორს კი არ მდებარეობს, არამედ ძალიან ღრმად ადამიანის გულში და ყოფნასა და მოქმედებაში აქ და ახლა. ყველა მიწიერი, ამქვეყნიური წარმოდგენა და იდეოლოგია აქ აღარ მიდის წინ. რადგან მონაზონი “გარეთ” დგას სამყაროსგან, მარადისობაში, მას შეუძლია იქიდან ასწიოს და ამოძრაოს ქვეყნიერება. იგი არ ამბობს: “ყველანი ჩემთან უნდა მოხვიდეთ და დამემორჩილოთ”; იგი არც მორალისტია და არც იდეოლოგი. მაგრამ იგი დგას რწმენის მყარ კლდეზე, მთლიანად ღმერთში, და ზეიმობს მარადიული სიცოცხლის წმინდა დღესასწაულს. და ზეიმობს მას აქ, ამ სამყაროში, სიწმინდეში, იქნება იგი დიდი თუ პატარა, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, სადაც ყოველი გულწრფელი მაძიებელი იპოვის.